ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გერბი


     გერბის ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად _ მწვანე და მეწამულ ველებად.  ფარის თავსა და ძირში სამ-სამი ვერცხლის ტალღისებური შემცირებული სარტყელია მოთავსებული. სარტყელებს შორის ვერცხლის ფიგურა _ გაწყვეტილთასმიანი ხიზით, ბაზიერის საბუხარზე მჯდარი, ვერცხლის მიმინო, რომელსაც თავი მარცხნივ, ვერცხლის რვაქიმიან ვარსკვლავისაკენ აქვს მიმართული.  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  გერბის დევიზი "ჩოხატაური".   

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დროშა
       დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილში მწვანე ველზე ვერცხლის ფიგურა _ გაწყვეტილთასმიანი ხიზით, ბაზიერის საბუხარზე მჯდარი, ვერცხლის მიმინო, რომელსაც თავი მარცხნივ, ვერცხლის რვაქიმიან ვარსკვლავისაკენ აქვს მიმართული. II ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველს.  დროშის პროპორციაა 2:3. 

 

დამტკიცებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №189 დადგენილებით, 17.11.2009წ.   
ჩოხატაურის გერბის შესახებ
გერბის ფარში გამოსახული ფიგურები და გამოყენებული "ფერები" _ მწვანე, მეწამული, ვერცხლი ჩოხატაურის მკვიდრთა კეთილშობილებაზე,  თავისუფლების სიყვარულზე, დიდსულოვნებაზე, ვაჟკაცობასა და მომავლის იმედზე მეტყველებს, მათი ნათელი მიზნისაკენ სწრაფვას ანსახიერებს. თითქმის ამასვე მიუთითებს სულიერი ძლიერების, იმედისა და თვისუფლებისაკენ სწრაფვის ემბლემა  - მიმინო. ამავე დროს, ჩოხატაური ცნობილია მიმინოს წვრთნის ცენტრად, სადაც ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო შეჯიბრი ბაზიერთა შორის. გერბში მთავარი "ფერების" (მწვანე, მეწამული) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ჩოხატაური", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს. 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი