თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი 
          გერბის ფარი გაყოფილია 4 ნაწილად. I ნაწილი _ ლაჟვარდის ველზე გადაჯვარედინებული ოქროს მახვილი და ოქროს შურდული; II ნაწილი _ მეწამულ ველზე ვერცხლის ბაშელიერი, რომელზეც გამოსახულია მეწამული ჯვარი; III ნაწილი _ მეწამულ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ ტალღისებური, შემცირებული ვერცხლის ყაბიწი; IV ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ოქროს მშვილდ-ისარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია "თეთრიწყარო". 


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა 
         დროშას ლაჟვარდ და მეწამულ ველებად შუაზე ჰყოფს თეთრი ყაბიწი (მარცხნიდან მარჯვნივ). დროშის პროპორციაა 2:3. 

 

 

 

 

 

 

 

მაღალი გარჩევადობის ფაილი

 

დამტკიცებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №13/2 დადგენილებით, 26.12.2008წ.  

 

 

თეთრიწყაროს გერბის შესახებ

 

გერბში მთავარი "ფერების" _ ლურჯის და მეწამულის  გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. გერბის ფარის ველებზე მოთავსებული სიმბოლოები და ემბლემები გადმოსცემს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას _ დიდგორის ბრძოლას, რომელიც სწორედ დღევანდელი თეთრიწყაროს ტერიტორიაზე შედგა და დიდი გავლენა იქონია ქრისტიანულ და მაჰმადიანურ სახელმწიფოთა მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე. ამავე დროს, ეს ფიგურები ხაზს უსვამენ თეთრიწყაროს გეოგრაფიულ-სტრატეგიულ მნიშვნელობას. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "თეთრიწყარო", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი