ქუთაისის მუნიციპალიტეტის გერბი 
         გერბის ფარი გადაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილი - უჭირავს ფარის 2/3, რომლის მწვანე ველზე ოქროს საწმისი. ფარის მეორე ნაწილში (ფარის 1/3) ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ანტიკური ოქროს ხომალდი.გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი.გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი. გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის მწვანე-ოქროს ბაფთა, რომლის მწვანე ოქროთი ჩაწერილია - "ქუთაისი". დევიზის ორივე მხარეს გამოსახულია ოქროს ორი ჰერალდიკური ჯვარი. 
ქუთაისის მუნიციპალიტეტის დროშა 
         დროშის ველი გაკვეთილია და გადაკვეთილი. ველის I და IV ნაწილი მწვანეა; II და III ნაწილი - ლაჟვარდი.დროშის ცენტრში გამოსახულია ოქროს ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ოქროს ჯვრით. დროშის პროპორციაა 2:3.  

 

დამტკიცებულია ქუთაისი თვითმართველობის მიერ  №203 დადგენილებით, 25.02.2009.  

 

ქუთაისის გერბის შესახებ

გერბის ფარში გამოსახული ფიგურები და გამოყენებული \\\"ფერები\\\" _ მწვანე, ლურჯი, ოქრო, _ მიუთითებს ქუთაისის მკვიდრთა ისტორიულ წარსულზე, ღირსებაზე, სიმდიდრეზე, რეგიონის ისტორიულ ძლევამოსილებაზე. მწვანე ფერი და აფრააშლილი ხომალდი (ანტიკური ხომალდი) მომავლის იმედზე და ნათელი მიზნისაკენ სწრაფვას განასახიერებს. გერბში მთავარი ფერების (მწვანე, ლურჯი) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც იმერეთის რეგიონი ფიქსირდება მწვანე ფერით; ვინაიდან კოლხეთის სამეფო (იმერეთი - ისტორიული კოლხეთის სამეფოს ნაწილი, დედაქალაქი - აია, კუტაია, ქუთაისი) დაკავშირებულია მითთან არგონავტების შესახებ, ანუ ოქროს საწმისთან, რომელიც დასავლეთ ევროპის ჰერალდიკაში ძირითადად ფიქსირდება ოქროთი ლურჯ ველზე, ამიტომ იქნა შერჩეული ლურჯი, რომელშიც აგრეთვე აისახა არგონავტთა ზღვით დაკავშირება კოლხეთის სამეფოსთან (იხ.აგრეთვე ფოთის, აბაშისა და წალენჯიხის გერბები). ამ ისტორიულ წარსულს განასახიერებს გერბში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურები ოქროს საწმისი და აფრააშლილი ხომალდი. დავუმატებთ, რომ ოქროს საწმისი ქრისტიანულ სიმბოლიკაში `ციურ კრავს~ - სულიერ და ინტელექტუალურ მზეს განასახიერებს. ანუ ამ ფიგურებით გადმოცემულია ქუთაისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი სასულიერო და ინტელექტუალური კერა, საეპარქიო ქალაქი, რეგიონის მკვიდრთა ღვთისმოსაობა და ინტელექტუალური ღირსებები. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული ოთხკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს და განსხვავდება სხვა მუნიციპალიტეტების გერბებიდან (ჩვეულებრივ მუნიციპალიტეტების გვირგვინები სამკოშკიანია და ვერცხლის) ვინაიდან ქ.ქუთაისი ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს დედაქალაქს წარმოადგენდა. ასევე დამატებითი იდენტიფაკიის საშუალებას წარმოადგენს გერბის ფარს გვერდებიდან შემოყოლებული ვაზის ორნამენტი და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი \\\"ქუთაისი\\\".

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი