საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიაში პრეზენტაცია გამართა

 

 

        2-5 ოქტომბერს საფრანგეთში, ქალაქ არასში ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა ჰერალდიკის საერთაშორისო კონგრესი, რომელიც მიეძღვნა ჰერალდიკას ომისა და მშვიდობის დროს. საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დარგის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საზოგადოების წინაშე წარადგინა მოხსენება, როგორ შეიცვალა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, კერძოდ საქართველოს სახელმწიფო გერბი რესპუბლიკის არსებობის 100 წლის განმავლობაში.

      ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებულმა წევრმა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორმა, მამუკა გონგაძემ ჰერალდიკის სპეციალისტებს გააცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შექმნის ისტორია, თუ როგორ მომზადდა დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და შეირჩა მისი მთავარი იდეა, როგორ მოხდა მისი ავტორის იოსებ შარლემანის მიერ გერბის შეცვლა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის დავალებით ქვეყნის იძულებითი გასაბჭოების პირველივე დღეებში; რა პირობებში და რა მონაცემების საფუძველზე აღდგა სახელმწიფო სიმბოლოები ჯერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას 1990 და მოგვიანებით 2004 წელს.

       საერთაშორისო კონგრესის თემატიკამ შესაძლებელი გახადა, დამსწრე საზოგადოებას გაცნობოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი იდეის - სიკეთის ბოროტებაზე მარადიული გამარჯვების - მნიშვნელობა, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ჭრილში. როგორ მოხდა საბოლოოდ სიმბოლოს იდეური დასრულება და სახელმწიფო გერბზე სუვერენიტეტის სიმბოლოს ივერიული გვირგვინის დაბრუნება.