14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

 

 

 

     სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო.

  დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა მოსჩანდა ეროვნული მოძრაობის, ხალხმრავალი გამოსვლების დროს, სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან ერთად დროშამ ადგილი დაიმკვიდრა სახელმწიფო დაწესებულებების, საქართველოს წარმომადგენლობების შენობებზე, სახელმწიფო მოღვაწეების სამუშაო ოთახებში.

   თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში.
  მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა.

  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმოართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.