ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განმარტება  საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით

 

 

 


      საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების" შესახებ საჯარო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაადგინონ ან ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, რომლებზეც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დადებითი დასკვნა არ აქვს გაცემული.

     აღნიშნული ნორმა, რომელიც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის კანონით მიზნად ისახავს ქვეყანაში ერთიანი ჰერალდიკური პოლიტიკის წარმართვას და ზღუდავს სახელმწიფო სიმბოლოების (დაწესებულებათა ემბლემების, სპეციალური ფორმის ტანსაცმლის, განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების და სხვა) მოუწესრიგებელ, დაუსაბუთებელ და ერთპიროვნულ ცვლილებას, რაც თავის მხრივ ართულებდა სიმბოლოების დამკვიდრებას და ითხოვდა საბიუჯეტო ხარჯებს.

    კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მომზადდა საქართველოს პრეზიდენტის დროშის სამი ნიმუში, ასევე საქართველოს პრეზიდენტის დროშის აღმართვისა და გამოფენის წესი. სამი ნიმუშიდან შერჩეული იქნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შტანდარტის საფუძველზე შედგენილი საპრეზიდენტი დროშის ნიმუში, თეთრ ველზე გამოსახული მცირე საქართველოს სახელმწიფო გერბით, რომელსაც „შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნიდა მხრიდან."

      საპრეზიდენტო დროშის გამოსახულების გარდა, ჰერალდიკური და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობითობის წარმოსაჩენად უცვლელად იქნა დატოვებული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტის აღწერილობა, რომელიც გამოიყენებდა ჰერალდიკურ ტერმინებს „ალამი", „კუწუბი"... შედეგად მივიღეთ საქართველოს პრეზიდენტის დროშა რომელიც ზედმიწევნით გამოსახავს საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ უფლებამოსილებას, აერთიანებს სახელმწიფოებრივ და ჰერალდიკურ მემკვიდრეობას და წარმოადგენს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო მეთაურის დროშის ტიპიურ ნიმუშს.

     ამასთან განვმარტავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნდა დამტკიცებული შტანდარტი, სხვადასხვა დროს გამოიყენებოდა სხვადასხვა. საქართველოს პრეზიდენტი შტანდარტის პირველი ნიმუში, საქართველოს სახელმწიფო დროშის და საქართველოს სამხედრო ძალების დროშის გაერთიანებით, რომელიც 2004 წელს მომზადდა საქართველოს სახელმწიფო დროშის ცვლილებასთან ერთად ჰერალდიკის სპეციალისტ მხატვარ მამუკა გონგაძის მიერ, არ დამტკიცებულა. ახლანდელი შერჩევისას 2004 წლის ნიმუშს არ მიენიჭა უპირატესობა, რადგან იგი ხაზგასმით გამოჰყოფდა საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო ძალების მთავარსარდლის უფლებამოსილებას. დაუმტკიცებელი იყო მომდევნო წლებში ჰერალდიკური წესების დარღვევით დახატული პრეზიდენტის შტანდარტიც, რომელიც პრეზიდენტს მიაკუთვნებდა გაუსაზღვრელ ძალაუფლებას (შტანდარტი შეიცავდა სასამართლო, სასულიერო, სამეფო ხელისუფლების ნიშნებს...), შესაბამისად, არ შეჩერდა არჩევანი არც ამ უკანასკნელზე.

      ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის დროშა ყველა სხვა სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო წარმოადგენს არა პოლიტიკური კუთვნილების არამედ სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების სიმბოლურ გამოსახულებებს. კანონის დამავალდებულებელი ნორმა 2022 წლის 1 იანვრამდე ითვალისწინებს უმეტესი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს რაოდენობრივ შეზღუდვას, ხარისხობრივ დახვეწას, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ერთიანი სისტემა არ იყოს ეკლექტური სახის, არ გაგრძელდეს დაუსაბუთებელი, ძირითადად პიროვნული გემოვნების საფუძველზე სიმბოლოების მხატვრულ-შინაარსობრივი ცვლილება, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების არამიზნობრივი გაცემა და შესაბამისად გაუფასურება. პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან და ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ გამტკიცებას, ამიტომ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო იმედოვნებს, რომ იგი გაგრძელდება და წარიმართება საერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის პირობებში.