სისტემური და მეთოდური გახდა დაუსაბუთებელი შეტევა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოზე. ზედაპირულად ხდება უმნიშვნელოვანესი საკითხების, სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აბუჩად აგდება, თავად სიმბოლოების დადგენის პროცესის პირდაპირი ლანძღვა.

     საბჭო აღნიშნულში ხედავს კერძო პირების, ვიწრო ჯგუფის დაინტერესებას, არ გაუქმდეს მათი ან მათთან დაკავშირებული ავტორების მიერ შექმნილი სიმბოლოები.

     სახელმწიფო დაწესებულების სიმბოლოების დაუსაბუთებელი ცვლილება ე.წ "რებრენდინგი" წლების განმავლობაში წარმოადგენდა შემოსავლის, ცალკეულ პირთა საავტორო ამბიციების დაკმაყოფილების წყაროს, მაშინ როდესაც არც ერთ თანამედროვე სახელმწიფოში არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს ასეთი რაოდენობის და მხატვრულ-შინაარსობრივად ამდენად განსხვავებული ემბლემები. სახელმწიფო დაწესებულებები, მცირე გამონაკლისების გარეშე, ჩვეულებრივ უნდა გამოიყენებდნენ საქართველოს დიდ ან მცირე სახელმწიფო გერბებს.

     2019 წლის კანონით „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულები არიან მხოლოდ ჰერალდიკის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, სადაც წარადგენენ ცვლილების უპირობო აუცილებლობის საბუთს, დაიდგინონ ახალი სიმბოლოები. იგივე მიზეზით, კანონის დამტკიცებისთანავე მოხდა მისი პოლიტიზება და დაკავშირება პოლიტიკურ პირებთან.

     ამავე დროს, მიღებული კანონით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაუქმდეს ან გადამტკიცდეს სახელმწიფოში მოქმედი ყველა სიმბოლო მათ შორის, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები და სანაცვლოდ დადგინდეს ერთიანი მხატვრულ-შინაარსობრივი სტილი. მაგალითად, სხვადასხვა ემბლემის სანაცვლოდ სამინისტროების შემთხვევაში ასეთი ერთადერთი სიმბოლო იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში მხოლოდ ისეთი ემბლემები, რომლებიც გამოავლენენ მხატვრულ-შინაარსობრივ კავშირს დაწესებულების საქმიანობასთან და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან, რომ მოქალაქეს უადვილდებოდეს საბიუჯეტო სახსრებით მოქმედი საჯარო დაწესებულების გარჩევა კერძო პირისგან.

     გასაგებია, რომ უკვე არსებულ სიმბოლოთა ავტორები, მათთან დაკავშირებული პირები არ მიესალმებიან აღნიშნულ ღონისძიებებს, ასევე საქმიანობის სფერო შეეზღუდებათ ავტორებს, რომლებიც ვეღარ ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებათა ემბლემების მუდმივი უსაფუძვლო ცვლილებით, მაგრამ თავის მხრივ ვერც საბჭო ვერ იხელმძღვანელებს კერძო პირთა ინტერესებით, რადგან თავად წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას.

 


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი