მამუკა გონგაძე:  საერთაშორისო  ჩართულობა გვიადვილებს სიმბოლოების რეფორმას

 


ბატონო მამუკა, მოგესალმებით, 10 ივნისი ჰერალდიკის საერთაშორისო დღეა, შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ რა არის ჰერალდიკა და რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის?

მოგესალმებით! ჰერალდიკა ისტორიულად დაკავშირებული იყო სახელმწიფო გერბებთან, საგვარეულო გერბებთან, მაგრამ თანამედროვეობაში ჰერალდიკის საბჭოები, კომისიები ადგენენ სახელმწიფო სიმბოლოებს დაწყებული დროშებით, სახელმწიფო და ადგილობრივი გერბებით, დაწესებულებათა ემბლემებით დამთავრებული სამხედრო-საბრძოლო განმასხვავებელი ნიშნებით. ჰერალდიკა ამ გაგებით არის განმასხვავებელი ნიშნების ენა, რომლითაც ქვეყანაში მოქალაქე განასხვავებს სხვადასხვა სამსახურებს, მუნიციპალიტეტებს... საერთაშორისოდ კი ამოიცნობენ ქვეყანას. იგივე ქართველი სამხედრო, როდესაც მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში, შეიძლება პარტნიორებმა, მისიაში მყოფმა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ ქართული, მაგრამ დაინახონ უნიფორმა, მასზე დატანილი ნიშანი და ამოიცნონ ქართველი მეომარი.

სიტყვამ მოიტანა, გამოდის მსოფლიოში რამდენი ქვეყანაც არის, იმდენი განმასხვავებელი ნიშანია? რამდენად შესაძლებელია ასეთი მრავალფეროვნება?

ჰერალდიკის საბჭოს ამოცანა და ფუნქციონირება სწორედ ამით არის ნაკარნახები. ამბობენ ხოლმე, გვაქვს დროშაც და გერბიც რაღა საჭიროა საბჭო? ნახეთ, გარდა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები არ უნდა იმეორებდნენ სიმბოლოებს და ამავე დროს უნდა გაერთიანებულები იყვნენ ერთ მხატვრულ-შინაარსობრივ სტილში, ისინი უნდა შეესაბამებოდნენ ჰერალდიკის საერთაშორისო სტანდარტებს, ერთიანდებოდნენ ცალკეულ ჰერალდიკურ ოჯახში. მაგალითად ჩვენთან საქართველოს გერბის ფარისმტვირთველი ზეაღმართული ლომი შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლოა, მისი გამოყენების უფლებას საბჭო სხვა უწყებებს იგივე თავდაცვას არ აძლევს. ასევე საერთაშორისოდ ქართული ჰერალდიკა საუკუნეთა განმავლობაში ევროპული ოჯახის ნაწილი იყო. მიუხედავად თანამედროვე სეკულარული დატვირთვისა, საერთო ევროპული სიმბოლო არის ჯვარი, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობას საკუთარ დროშად, სიმბოლოდ ჯვარი აქვს წარმოდგენილი, ასეა საქართველოც, მაგრამ თითოეული მათგანი ამავე დროს განსხვავებულია. ადრე ზოგი დაობდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა არ არის ქართულიო, წარმოიდგინეთ ვინ მოგვცემდა უფლებას აღგვემართა უცხო სახელმწიფოს, საზოგადოების ან თუნდაც ისტორიული მნიშვნელობის დროშა?! ეს ცხადია, საერთაშორისო კონიუნქტურის არცოდნაა.

ასეთივე სტანდარტით დგინდება დანარჩენი სიმბოლოებიც?

რა თქმა უნდა... საბჭო ცდილობს, რომ ყველა სიმბოლო, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში გამომდინარეობდეს სახელმწიფო სიმბოლოებიდან. სახელმწიფო ფერები - წითელი და თეთრი პრიორიტეტულია, ასევე ხუთჯვრიანი კომპოზიცია, მცირე ჯვრის ფორმა, წმინდა გიორგის გამოსახულება... ხდება მათი შეძლებისდაგვარად გადატანა სახელმწიფო მნიშვნელობის ყველა სიმბოლოში, რომ საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, სამართალდამცავი, რეინჯერი ადვილი საიდენტიფიკაციო იყოს... პირველ რიგში მოქალაქისთვის და მერე უკვე უცხოელისთვის. ჰერალდიკის არ არის მხატვრული შემოქმედება, უფრო სემიოტიკის სფეროა, ის უნდა იყოს ერთგვაროვანი, მკაცრი, მარტივი და ადვილად იბეჭდებოდეს ადამიანი მეხსიერებაში. ჰერალდიკური ნიშნის მნიშვნელობა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე მისი მხატვრული სახე.

მიუხედავად ამისა, საქართველოში საკმაოდ ბევრი სახელმწიფო უწყების ლოგოა, ჯილდოა...

დიახ, საქმე იმაშია, რომ ბოლო დრომდე საბჭოს არ ჰქონდა უფლებამოსილება კანონის ძალით შეეზღუდა სხვადასხვა უწყებების მიერ ემბლემების, განმასხვავებელი ნიშნების უნიფორმების ხშირი ცვლილება, გადამტკიცება. ახალი კანონით, ყველა დაწესებულება ვალდებულია საბჭოსთან შეათანხმოს არსებული სიმბოლოები და ახლის დადგენის შემთხვევაში წარმოგვიდგინოს ცვლილების საფუძველი, გამოითხოვოს ჩვენგან დადებითი დასკვნა. ამან სურათი შეცვალა, პასუხისმგებლობა გაგვიასმაგდა და საქმეც, მაგრამ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ გაერთგვაროვანდეს, დაიხვეწოს და ჰარმონიაში მოვიდეს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები.

მაგალითად?

მაგალითად, საერთაშორისო პრაქტიკაა და საბჭო ამ შემთხვევაშიც არ იგონებს არაფერს, რომ სამინისტროები გამოსახავდნენ საკუთარ ემბლემად საქართველოს სახელმწიფო გერბს, საქვეუწყებო დაწესებულებები მცირე სახელმწიფო გერბს და ზედმეტი თვითშემოქმედება იქნება ყველა სამინისტრომ შექმნას და შემდეგ ხშირად ცვალოს საკუთარი ემბლემა. იგივე შეიძლება ითქვას, სახელმწიფო ჯილდოებზეც, 90-იან წლებში შექმნა დიდი რაოდენობით სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, მოხდა მათი ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივი გაცემა დიდი რაოდენობით, მაშინ როდესაც თანამედროვე სახელმწიფოებში სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა არ აღემატება სამ-ოთხს და ისინიც ითვალისწინებენ სახელმწიფო სიმბოლოებს მხატვრულ-შინაარსობრივი თვალსაზრისით. იშვიათია სახელობითი ჯილდოები, მეტია ხარისხები.

რასაც აღნიშნავთ, გადამეტების გარეშე გულისხმობს მთელი სფეროს რეფორმირებას?

რაც ადრე თუ გვიან მოსახდენი იყო. პირადად, ამ ჰერალდიკით დაკავებული ვარ უკვე ოცდაათ წელიწადზე მეტია. ჩვენი ცოდნა ამ დარგში სახელმწიფოებრიობის არარსებობის გამო იყო უმწირესი. როგორი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ 80-იანი წლების ბოლოს შეიტყო, მაშინ როდესაც საბჭოთა სიმბოლიკას ფაქტობრივად ძალადობრივად შთაბეჭდავდნენ ადამიანების ცნობიერებაში საბავშვო ბაღებიდან. ამიტომ ჩვენ ერთი მხრივ გვიწევს, ახლის დამკვიდრება ჩვენი ისტორიის და ჰერალდიკის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის მუდმივი მტკიცება, რამდენად მნიშვნელოვან დარგთან გვაქვს საქმე, თუ სახელმწიფოდ გვინდა არსებობა.

რა სახის წინააღმდეგობებს აწყდებით, თითქოს საქართველოს დროშაც, ჰიმნიც და გერბიც საყოველთაო მოწონებით და სიყვარულით სარგებლობს? ყველა ცნობს, ბავშვებმა ჰიმნი ზეპირად იციან...

ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული, მაგრამ არის ახალი გამოწვევები... მაგალითად, ასეთივე პროგრესია მუნიციპალურ სიმბოლოებთან დაკავშირებით. 70-მდე მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დროშა და გერბი, და მოქალაქეები უკვე ცნობენ გულშემატკივრობენ, აღმართავენ ამ სიმბოლოებს... მიღებული იქნა დადგენილება სიმბოლოების აღმართვის და გამოფენის წესის შესახებ, მაგრამ თანამდებობის პირების კაბინეტებში, საერთაშორისო შეხვედრებისას, იგივე ბენზინ გასამართ სადგურებთან, სასტუმროების წინ ჯერ კიდევ სიმბოლოების აღმართვის წესი არ არის გამჯდარი... საბჭო ცდილობს რომ ესეც დაამკვიდროს, არა მხოლოდ სიყვარულში, არამედ მოპყრობის წესშიც გამოიხატოს პატივისცემა.

ასევე ბევრი ავტორისთვის არ არის მომგებიანი, რომ ამდენად დიდი დარგი, როგორიც სახელმწიფო შეკვეთებია, შესყიდვებია ახალი სიმბოლოების შექმნის მიმართულებით შეიზღუდოს, ბევრს არ უნდა უკვე შექმნილი სიმბოლოს, რომელსაც მისი სახელი ჰქვია გაუქმება, სახეცვლილება... ამ გაგებით  , ვაწყდებით წინააღმდეგობებს და „ვიძენთ მტრებს", მაგრამ რაც გასაკეთებელია ადრე თუ გვიან საბჭოს ამ თუ სხვა შემადგენლობით, ერთი თუ მეორე პოლიტიკური გუნდის მეცადინეობით მაინც გაკეთდება, თუ გვინდა რომ საქართველომ როგორც სახელმწიფომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი. სიმბოლოების, განმასხვავებელი ნიშნების საერთაშორისო ცნობარებს, რომ გადავშლით ვიამაყოთ და არ შეგვრცხვეს. 

დავუბრუნდეთ რითაც დავიწყეთ, ჰერალდიკის საერთაშორისო დღეს, როგორ აღნიშნავენ ამ დღეს ჰერალდიკოსები?

ჰერალდიკოსების საქმე ოდნავ უმადურია. ჩანს მისი შექმნილი სიმბოლოები, მაგრამ ავტორებს ძირითადად არ იცნობენ. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ არ ახდენს საბჭო საკუთარი თავის პოპულარიზაციას. ამით ჰერალდიკა ნამდვილად არის წილნაყარი მხატვრობასთან, წარმოიდგინეთ, მიხვიდეთ მხატვრის გამოფენაზე და მისი ნამუშევრების ნაცვლად მხატვარმა გარეგნულად დაიწყოს თქვენ წინაშე თავის მოწონება. საბჭოს საქმიანობა ფასდება სიმბოლოების გამართულობით, მათი ცნობადობით... არ მინდა საკუთარ თავზე ლაპარაკი გამომივიდეს, მაგრამ პირადი მაგალითი რომ მოვიყვანო დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ჩართული ვარ სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნაში, მაგრამ უფრო დაფასებულად ვგრძნობ თავს როდესაც სიმბოლოს იცნობენ, „სიმბოლო მუშაობს" ვთქვათ საპატრულო პოლიციის ნიშანი, ვიდრე როდესაც ქუჩაში ამომიცნობს გამვლელი. აქედან გამომდინარე აღნიშვნაც სიმბოლურია. იგივე ვექსილოლოგიის საერთაშორისო ყრილობებზე, ჰერალდიკურ კონგრესებზე ხდება ერთობლივად დროშის აღმართვა, ღონისძიებისადმი მიძღვნილი ემბლემის ან გერბის შექმნა.

დიდი მადლობა!  

 

 


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი