ახლად აღმოჩენილ სპილენძის მონეტას, რომელიც მოჭრილია საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიისათვის.

კერძოდ, საქართველოს დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია ამ დრომდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ევროპულ საზღვაო რუკებზე (XIV-XVI სს.), თბილისისა და სებასტოპოლის (დღევანდელი სოხუმის) ადგილას, ხოლო ნუმიზმატიკურად მოგვეპოვებოდა თამარ-დავითის მონეტაზე (XIII ს.).  აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო დროშის უტყუარად დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.), რადგან მონეტის უკანა პირზე (რევერსზე) დატანილია დაქარაგმებული ხუთჯვრიანი კომპოზიცია. ასეთი კომპოზიცია არა გააჩნია მსოფლიოსთვის დღემდე ცნობილ დავით აღმაშენებლის ორიდან არცერთ მონეტას, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო და ბრიტანეთის მუზეუმებში. ახლად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ძეგლია და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს - საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული დასაბუთებისათვის.

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი