საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ევროკავშირის, ნატოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დაჩქარებული წესით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად:

  • დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო;
  • აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

კანონით დადგენილი ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 1000 ლარით. იგივე ქმედების განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.

 

 

კანონპროექტის მთავარი ინიციატორია პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე კახა კუჭავა. მასთან ერთად ინიციატორები არიან "ქართული ოცნების" დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები: ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე და ბადრი ჯაფარიძე.

      საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება მოჰყვა 2021 წლის ივლისში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, როცა ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა ორჯერ ჩამოგლიჯეს საქართველოს პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი