საქართველოს სახელმწიფო დროშა არის უმთავრესი სიმბოლო, რომელიც განასახიერებს საქართველოს როგორც ერის და სახელმწიფოს ღირებულებებს, მისწრაფებებს, ადგილს მსოფლიოში. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული საფუძველი დაკავშირებულია შუა საუკუნეების საზღვაო რუკებთან, სადაც საქართველო ერთი მთლიანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

     ასეა დღესაც, ევროპის სახელმწიფოების დანიის, ბრიტანეთის, შვედეთის, ფინეთის დროშები რომლებსაც უძველესი წარმომავლობა აქვთ ჯვრებით არიან წარმოდგენილი. სიმბოლოების ენაზე ასეთივე ერთიანი სივრცე იყო შუა საუკუნეების ევროპული სამყარო, სადაც მოღვაწეობდნენ გიორგი ბრწყინვალე, დავით აღმაშენებელი, ლევან დადიანი...

       2021 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა სახელმწიფო დროში ისტორიისათვის, როდესაც აღმოჩნდა მეფე დავით აღმაშენებლის მონეტა მაცხოვრის სიმბოლური გამოსახულებით, რაც იგივე მხატვრულ-შინაარსობრივი დატვირთვის არის რაც ხუთჯვრიანი კომპოზიცია და კიდევ ერთი დასტურია, რომ დავით აღმაშენებლის დროსაც საქართველო, აქამდე ცნობილ გიორგი III-ის, თამარ-დავითის მონეტებზე უფრო ადრე, სიმბოლურად ერთიანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილად განისაზღვრებოდა, რომელიც მაშინ წმინდა მიწის ირგვლივ იყო გაერთაინებული.

      მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით. 2004 წლის 14 იანვარს სახელმწიფო დროშის დადგენით დაიწყო საქართველოს სიმბოლური დაბრუნება ევროპულ ოჯახში, რაც დღესაც გრძელდება სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენით.


 

        მამუკა გონგაძე

        ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე