ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმართული დროშები საერთო ჰერალდიკური მემკვიდრეობაა



       გვინდა გამოვეხმაუროთ გასულ კვირას ქ.სოხუმში აღმართულ ისტორიულ დროშებს, რომელმაც საზოგადოების ნაწილს გაუჩინა კითხვები. საქართველოს სახელმწიფო დროშის უმთავრეს ისტორიულ წყაროებს წარმოადგენს შუა საუკუნეების ევროპელი მოგზაურების საზღვაო რუკები ე.წ პორტულანები, რომლებზეც ხუთჯვრიანი დროშა აღმართულია საქართველოს დედაქალაქის - თბილისის და შავ ზღვაზე ქვეყნის მთავარი ნავსადგურის ქალაქ სოხუმის თავზე. ზოგიერთ შემთხვევაში დღევანდელი სოხუმის - მაშინდელი სებასტოპოლისის ადგილას აღმართულია ორად გაკვეთილი დროშა, რომლის ერთი ნაწილი ხუთჯვრიანი კომპოზიციაა, იშვიათად ხელი, ხოლო მეორე ნაწილის თეთრ ველზე გამოსახულია ჰორიზონტალური, იშვიათად ირიბად დახრილი მწვანე ზოლები, რაც ჰერალდიკურად მიანიშნებს სახელმწიფოს და მხარის ურთიერთმიმართებას.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 90-იან წლებში მანამდე უცნობი მასალა სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის მიერ მოძიებული იქნა ევროპის მუზეუმებსა და წიგნსაცავებში და გაზიარებული იქნა ასევე აფხაზური მხარისთვის.

     არსებული საერთო ჰერალდიკური მემკვიდრეობის საფუძველზე საბჭოში მომზადებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების - დროშის და გერბის - რამდენიმე პროექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედი სიმბოლოები ასევე გამომდინარეობს საერთო სახელმწიფოებრივი წარსულიდან.

     იგივე მასალა დაედო საფუძვლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დადგენას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გამართულ გამოფენებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 2018 წლის 26 მაისს იგივე ისტორიული დროშები დამზადდა და გამოიფინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს ქ.თელავში.

     აფხაზეთშიც ასეთი გამოფენა არ იყო პირველი. საერთო ისტორიული წარსულის მქონე სიმბოლოები, რომლებსაც თვალსაჩინო იგივეობის მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეჟიმი „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებად" მოიხსენიებს სოხუმშიც ხშირად გამოიფინება. დამატებით იხილეთ http://www.heraldika.ge/index.php?m=36