წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბი
         გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილი, იყოფა ოთხ ნაწილად. I ნაწილი _ მწვანე ველზე ექვს-კოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომელზეც აღმართულია ოქროს ტარიანი ვერცხლის ხორუგვი. ხორუგვზე გამოსახულია მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. II და III ნაწილი _ ლაჟვარდის ველზე ვერცხლის შადრევანი ოქროს სამი წყაროთი. IV ნაწილი _ მწვანე ველზე ოქროს 'დინოზავრი~.   გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "წყალტუბო".  
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დროშა
       დროშა იყოფა ოთხ ნაწილად. I  და IV ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს. II და III ნაწილი - ლაჟვარდის ველს. დროშის ცენტრში მოთავსებულია ე.წ. "ფრანგული" ფარი - ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა. დროშის პროპორციაა 2:3.  

 

 

დამტკიცებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №77 დადგენილებით, 29.10.2010.  

 

წყალტუბოს გერბის შესახებ

გერბის ფარში გამოსახული ფიგურები და გამოყენებული "ფერები" _ მწვანე, ლურჯი, ოქრო, ვერცხლი, წითელი _ მიუთითებს წყალტუბოს მკვიდრთა ისტორიულ წარსულსა და მომავლის იმედზე, ღირსებაზე, სიმდიდრეზე, სიბრძნესა და სამართლიანობის სიყვარულზე. აგრეთვე რეგიონის მდიდარ გამაჯანსაღებელ ბუნებაზე. გერბში მთავარი ფერების (მწვანე, ლურჯი) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც იმერეთის რეგიონი (ისტორიული კოლხეთის ნაწილი) ფიქსირდება მწვანე ფერით; ციხე-სიმაგრე - ტერიტორიის აღმნიშვნელი და ფლობის დამადასტურებელი ემბლემა.  ამავე დროს, გერბის ფარში გამოსახული ციხე-სიმაგრით გადმოცემულია საქართველოს მეფეთა საზაფხულო ადგილსამყოფელი გეგუთის ციხე-დარბაზი. ვინაიდან ეს ციხე-დარბაზი XII საუკუნეს განეკუთვნება, ქართველმა ხალხმა იგი უშუალოდ მეფე თამარს დაუკავშირა, რაც გერბის ფარზე დაფიქსირდა ციხე-სიმაგრეზე აღმართულ ხორუგვზე გამოსახული მეფე თამარის მეწამული ხელრთვით. შადრევანი - სისუფთავისა და ჯანმრთელობის ემბლემა. წყალტუბო ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, ცნობილი თავისი სამკურნალო წყლებით, სანატორიუმებითა და პანსიონატებით. დინოზავრი - წყალტუბო (წყალტუბოს ტერიტორიაზე) ცნობილია კარსტული მღვიმეებით, კოლხური ტყით, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზვრების ნაკვალებით. სწორედ ეს უნიკალურობა და ისტორიის ეს მონაკვეთია დაფიქსირებული გერბის ფარში დინოზავრის გამოსახვით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "წყალტუბო", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი