ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნის ისტორია

 
 

       საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრილი)  შემდეგ დღის წესრიგში დადგა  ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის საკითხების მომზადებისა და კვლევებისათვის შესაბამისი სამსახურის შექმნის აუცილებლობა. 1993 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე წინადადებების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი“. მათ სახელმწიფო სიმბოლოების შეცვლის საკითხებზე წინადადებები უნდა მოემზადებინათ. 
       1994 წლის 7 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან იქმნება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფის მუშაობის მიზანი იყო ახალი კონსტიტუციის შემუშავებასთან დაკავშირებით წარმოედგინა თავისი მოსაზრებები და პროექტები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. (საზოგადოებრივ საწყისებზე აღნიშნულ ჯგუფში ჩართული იყო ყველა სამინისისტროსა და უწყების მაღალი რანგის თანამდებობის პირი). ამიტომ 1994 წლის 19 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშისა და სამკერდე წარჩინების ნიშნების დამდგენელი კომისიის პერსონალური შემადგენლობა და დამტკიცდა მათი სამუშაო გეგმა. კომისიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.
          1996 წლის 17 იანვარს “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი“ თავმჯდომარის მოადგილემ ელდარ შენგელაიამ საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისა დააყენა საკითხი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მუდმივმოქმედი სახელმწიფო ჰერალდიკური კოლეგიის შექმნის შესახებ.
      1996 წლის 12 აგვისტოს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ“.  კომისიას, რომლის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, დაევალა საქართველოს ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შექმნის მიზნით კონკურსების მომზადება და გამოცხადება, საკონკურსო მასალების საჯარო განხილვა-გამოფენის უზრუნველყოფა, სხვადასხვა საკონკურსო ჟიურების შექმნა და სხვა. ამავე კომისიას ევალებოდა მოემზადებინა საკითხი „ჰერალდიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის, სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, გამოყენებისა და დაცვის მიზნით“ ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კოლეგიის შექმნა. 1996 წლის 12 აგვისტოს საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შემადგენლობიდან სპეციალისტებმა  2000 წელს სიმბოლოების საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ჰერალდიკის ასოციაცია"დაარსეს. 
      საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შემუშავებისა და ჰერალდიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფისმიზნით 1997 წელს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო ატრიბუტიკასთან დაკავშირებით სიმბოლოების კომისიასთან ერთობლივად უნდა ემუშავათ.
     საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის  2 მარტის ბრძანებულებით შეიქმნა „საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი დროებითი სახელმწიფო კიომისია“, რომელმაც უზრუნველყო სახელმწიფო გერბის შესარჩევი კონკურსის ჩატარება.
      ჰერალდიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის, სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, გამოყენებისა და დაცვის მიზნით 2004 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის #333 ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისია, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის (#5778-Iს) დადგენილებით შეიქმნა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. ეს არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელოს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებსი ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას. 



ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ამოცანები და მიზნები




ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:


ა) სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ე) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშების ჰერალდიკური ექსპერტიზა და მათი შექმნისა და გამოყენების შესახებ შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ვ) ახალი სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შემოღების შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) ჰერალდიკის საკითხებზე ლიტერატურის გამოცემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაცია;
ი) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის სრულყოფა და მხარდაჭერა;
კ) სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;
ლ)საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დაკისრებულ  სხვა ამოცანათა შესრულება.


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი