ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადება



   გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ემბლემის სტილისტური ცვლილება წარმოადგენს იმ პროცესის ნაწილს, რომელიც დაიწყო 2013 წლიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

   ამ წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საბრძოლო დროშების სრული პაკეტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცდა. საზოგადოებამ ხსენებული დროშები იხილა 2018 წლის 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს და ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 16 დეკემბრის ინაუგურაციის ცერემონიაზე. ამასთან საქართველოს გენერალური შტაბის ემბლემის დამტკიცება მოხდა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის და საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილებების გამიჯვნის შედეგად.

   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების ემბლემები, თავდაცვის სამინისტროს სიმბოლოების საერთო პაკეტის ნაწილია და მათი განხილვა მოხდა ასევე მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიისა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჰერალდიკური საკითხების მომწესრიგებელი სამუშაო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით.

   ახალ ემბლემასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მოხდა მანამდე არსებული სიმბოლოს სტილისტური შესწორება, მოდერნიზაცია  და დაახლოება საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებთან, ძველი სიმბოლოდან ამოღებული იქნა დაფნის ტოტი და რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უცხოა საქართველოს ჰერალდიკური ტრადიციისთვის, ასევე სტილისტურად გასწორდა ხუთჯვრიანი კომპოზიცია. მანამდე არსებული ჯვრები ჩანაცვლდა ჯვრის სახეობით, რომლითაც საქართველო ცნობილია ევროპულ ჰერალდიკურ რუკაზე.