15- 17 სექტემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და "ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევითი ცენტრის" ჩართულობით, ჩატარდა ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის მესამე კონფერენცია -"ჰერალდიკა და ისტორიული წყაროები."
კონფერენციამ შეკრიბა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა ჩვენი ქვეყნისა თუ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ემსჯელათ ისტორიული წყაროების გავლენასა და მნიშვნელობაზე ზოგადად, ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაზე და, კერძოდ, თანამედროვე სიმბოლოების შემუშავების პროცესზე. კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ თავად საქართველოა კარგი მაგალითი, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლიკის, ასევე, მუნიციპალური სიმბოლოების ერთიანი სისტემის შემუშავებისა და მიღებისა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ასევე, კონფერენციის ორგანიზატორები:
მამუკა გონგაძე - საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;
მამუკა წურწუმია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
კონფერენციის საერთაშორისო მონაწილეები და პარტნიორები: ელიზაბეტ როუდსი - ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი; ლუკ დუერლო - ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი და ფლანდრიული ჰერალდიკური საბჭოს პრეზიდენტი; ნიკოლას ვერნო - სეღჟის პარიზის უნივერსიტეტის მკვლევარი, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის მრჩეველი.

(იხ. კონფერენციის თეზისები)

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი